საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ამერიკაში ვიზიტი მთავრობის დრევანდელ სხდომაზე შეაჯამა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვაშინგტონში ვიზიტი ძალიან წარმატებული და მნიშნელოვანი იყო, რომელსაც რამდენიმე მიზანი ჰქონდა და ყველა მათგანი შესრულებულია.
"აღსანიშნავია ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. კერძოდ კი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამასთან სახელმწიფო მდივანმა მოითხოვა, რომ რუსეთის ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და ამ რეგიონებს ოკუპირებული კიდევ ერთხელ უწოდა,"-' - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური მხარდაჭერაც, რომელიც ამერიკულმა მხარემ დააფიქსირა. კერძოდ კი ჰილარი კლინტონის მოწოდება ამერიკელი ინვესტირებისადმი, რომელშიც სახელმწიფო მინისტრი მათ ინვესტიციების განხორციელების კუთხით გააქტიურებას ურჩევს.
"ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა აშშ-ის ფინანსთა მინსიტრთან, სადაც განვიხილეთ ამერიკული საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვის თანხის გამოყოფის საკითხი _ "ამერიკის ექსიმ ბანკი", "ოპიკი" და "ემ-სი-ეს"-ი. ეს არის ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელთაც საკმაოდ დიდი დაფინანსება გააჩნიათ და მათი საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება" - აღნიშნა გილაურმა.
მისივე თქმით, ამერიკის "ექსიმბანკს" საქართველოში ჯერ არცერთი პროექტი არ აქვს განხორციელებული, თუმცა, შეხვერდებზე გადაწყდა, რომ საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის გაფორმდება დამატებითი მემორანდუმი. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დიდი თანხების შემოსვლას, მომავალი წლების განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაფასა "ოპიკის" წარმომადგენლებთან შეხვერდა და აღნიშნა, რომ ის ზღვარი, რომელიც "ოპიკს" ჰქონდა დაწესებული საქართველოსთვის და ის შეადგენდა 200 მილიონ დოლარს, ახლა მოხსნილია. კერძო სექტორს საშუალება აქვს თავისუფლად მიმართოს "ოპიკს" დამატებითი თანხების გამოყოფაზე.
"ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა "აი-ეს-სის"-თან, რომელიც კერძო სექტორთან მუშაობს. კარგია, რომ მან პირველად გამოიყო თანხები სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის. შემიძლია გითხრათ, უახლოეს მომავალში იგი გეგმავს სპეციალური ბრიფინგის, კონფერენციისა და სემინარის ჩატარებას ქართველი ბიზნესმენებისთვის, თუ როგორ უნდა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება "აი-ეს-სი"-დან სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის", - განაცხადა გილაურმა.