პარტია "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა ამ ეტაპზე ახლადჩამოყალიბებულ ქართულ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისი თქმით, იდეოლოგიური შეხედულებებისა და პრინციპების განსხვავება მათ შორის ნებისმიერ ურთერთობას გაართულებს.
"ბევრ მათგანთან მქონია ურთიერთობა. ჩვენი პარტიის შეხედულებები მათგან განსხვავდება, რაც ნათელს ხდის, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობა ჯერჯერობით არ შედგება. მათ ორგანიზაციული ყრილობა არც ჰქონიათ, ასე რომ ნორმლაურად არც ვიცით, მათი გეგმები და იდეები," - განაცხადა შარტავამ.
როგორც მან აღნიშნა, როცა ახალი პარტია ყალიბდება, უნდა იყოს ძლიერი და უნდა შეეძლოს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება.
შეგახსენებთ რომ "ქართული პარტია" გუშინ დაარსდა. მისი დამფუძნებლები ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, ეროსი კიწმარიშვილი და სოზარ სუბარი არიან.