საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ისტორიულ მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუცია პოლიტიკურ კრიზისებს გამორიცხავს. ბაქრაძის განცხადებით, პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა გადაინაცვლოს. ამის შესახებ "ბაქრაძემ" ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
ბაქრაძემ საქართველოში დღეისთვის მოქმედი კონსტიტუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს წინა პრეზიდენტები საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ვერ ასრულებდნენ და გადატრიალებების შედეგად ხელისუფლებიდან მიდიოდნენ, რაც გარკვეულწილად სწორედ ძველი კონსტიტუციის ბრალი იყო.
"ამას გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ ისტორიული ფაქტი. გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას. 20 წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს 90%-ზე მეტი ხმების რაოდენობით თუმცა პოლიტიკური კრიზისი გადაიზარდა არეულობაში და მან ვერ შეძლო საპრეზიდენტო ვადის დასრულება; იყო მეორე პრეზიდენტი, რომელმაც ასევე ვერ დაამთავრა საპრეზიდენტო ვადა; მესამე პრეზიდენტი 2007 წელს გადადგა და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ მთელი ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ ის პოლიტიკური მოდელი, რომელიც არსებობს საქართველოში, ერთი მხრივ, ვერ უზრუნველყოფს კრიზისებისგან დაცვას, ხოლო მეორე მხრივ ვერ უზრუნველყოფს ამ კრიზისების ბოლომდე მოგვარებას. თუ არ შევცვალეთ ეს მოდელი, მეშინია, რომ ვერც მომდევნო პრეზიდენტები მოახერხებენ საპრეზიდენტო ვადის დასრულებას. სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები, რომ შევქმნათ მყარი, სტაბილური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტკური პროცესების და ეკონომიკის განვითარებას. პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა გადავიდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს ეს ცვლილებები", - განაცხადა ბაქრაძემ.