"ქართულ პარტიას" თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთთან ურთიერთობების გზაზე სირთულეები შეექმნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების კომენტირებისას განუცხადა.
"რუსეთში სააკაშვილის შემდეგ ყველაზე მწვავე რეაქცია ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე ჰქონდათ, მისი ცნობილი განცხადების გამო "ფეკალურ მასებთან" დაკავშირებით. ასეთ საკითხების მიმართ რუსები მგრძნობიარენი არიან და ძნელად ივიწყებენ, ამიტომ ოქრუაშვილი ამ გზაზე სირთულეების მომტანი იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, ამ კუთხით ახლა პარტიაში ეროსი კიწმარიშვილის იმედი ექნებათ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ელჩად იყო და გარკვეული კონტაქტები აქვს.
რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ძალის პერსპექტივებს, საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ეს პარტია პერსპექტიული იქნებოდა, ახალი სახეებისგან შემდგარი რომ ყოფილიყო.
"ქვეყანაში არსებული ოპოზიციური კრიზისისა და მათდამი საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულების ფონზე, ხმებს უფრო ადვილად აიღებდა უცხო ადამიანებისგან შემდგარი პარტია, როგორც ეს მოხდა ალასანიას შემთხვევაში. ალასანია, როგორც პოლიტიკოსი, უცნობი იყო და ადამიანებმა ადვილად დაუკავშირეს მას მოლოდინები და ოცნებები", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტიის პერსპექტიულობაზე საუბარი ძნელია, თუ ამ პოლიტიკურმა ფიგურებმა რაიმე კარდინალური არ გააკეთეს, ისეთი, რომ მოსახლეობას არ დაავიწყეს ძველი და მათ ახალ განაცხადებზე არ მისცეს ორიენტაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ახალი პოლიტიკური ძალა "ქართული პარტია" ჩამოყალიბდა, რომლის ლიდერები არიან თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქუაშვილი, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციონერი კოკა გუნცაძე.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გაჩეჩილაძემ განაცხადა, მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება იქნება, რადგანაც ნატოში გაწევრიანების გზები და ალიანსის მიერ საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივა არ ჩანს.