"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის აზრით, "ქართულ პარტიაში" პოლიტიკურ ბრძოლებში გამოცდილმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. მისი თქმით, განსხვავებული ტემპერამენტისა და წარსულის მქონე პოლიტიკოსებს ქართული იდეა და საქართველოს გადარჩენის სურვილი აერთიანებთ. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ქართულ პარტიაში" თავი მოიყარეს უდიდესი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებმა: ირაკლი ოქრუაშვილს გაბედული ნაბიჯების გადადგმის დიდი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების წევრი იყო; ეროსი კიწმარიშვილი კარგად იცნობს პროპაგანდის საშუალებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს; სოზარ სუბარის ზურგს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი გამოცდილება უმაგრებს; კოკა გუნცაძე უაღრესად გამოცდილია პოლიტიკური ორგანიზაციის მენეჯმენტის საკითხში და მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.