დღეს ირაკლი ოქრუაშვილის, ლევან გაჩეჩილაძის, სოზარ დუბარის, კოკა გვენცაძის და ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკური გაერთიანების "ქართული პარტიის" პრეზენტაცია გაიმართა.
"ქართული პარტიის" პრენტაციაზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" იმყოფებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ცნობილი სახეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
პარტიის ძირითადი იდეები, მიზნები და ამოცანები დამსწრე საზოგადოებას ქართული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააცნო.
მისი თქმით, პარტიის შექმნის უმთავრესი მიზეზი არის ის რომ მათ უნდა შეაჩერონ საქართველოს დაშლის და ნგრევის ის პროცესი, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობა იწვევს. სუბარის განცხადებით, მიხიელ სააკაშვილის მთავარი იარაღი საზოგადოებაში გამეფებული ნიჰილიზმი და უიმედობაა.
"რა წამსაც ამ უიმედობას დავძლევთ იმ წამიდან რეჟიმის მოჩვენებითი სიძლიერე და სიმტკიცე საპნის ბუშტივით გაქრება. სწორედ ამ ნიჰილიზმის დასაძლევად ვერთიანდებით განსხვავებული წარსულის, ტემპერამენტისა და ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვის ადამიანები". - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მათი პარტიის ხედვის მიხედვით, კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო სამ უმთავრეს პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ეს არის თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი. "ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, შიდა სტაბილურობა, ყოველი მოქალაქის თანასწორობა, სამართლიანი არჩევნები, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სხვა", - აღნიშნა სუბარმა.