ქრისტიან-დემოკრატები ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ამ ტენდენციის შეწყვეტას თხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტში სესიაზე გააკეთა. იგი გამოეხმაურა ტელეკომპანია თრიალეთის ხელმძღვანელის ჯონი ნანეტაშვილის ცემის ფაქტს.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომ იგი მართლაც ნაცემია და მას პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
"მე არ მეგონა, რომ 2007 წლის შემდეგ კიდევ იქნებოდა ჟურნალისტების ცემის ფაქტები. თუმცა როგორც ჩანს ეს არის ჩვენი რეალობა და საჭიროა ხელისუფლებამ ეს რეალობა შეცვალოს" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და ხელისუფლებას მიმართავს რომ აღნიშნული ფაქტი სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე პოლიციელები დაისაჯონ.
აღსანიშნავია რომ ვეფხვაძის ამ მოთხოვნას გია ცაგარეიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქვეყანაში ცემის პოლიტიკა არ იცვლება".
როგორც იგი ვარაუდობს, გორის პროკურატურამ ძალიან კარგად იცის ვინ არის დამნაშავე და რა მოხდა, თუმცა შიშობს რომ ეს ფაქტი ოდესმე გამოძიებული იქნება.
ამ კონტექსტში იგი შეეხო იმ 95 ადამიანის საკითხს, რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით არიან დღემდე დაკავებულები. როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, ამ პირებზე ინფორმაცია პროკურატურისგან რამდენჯერმე გამოითხოვა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მედიაზე და პოლიტიკოსებზე ზეწოლის ფაქტები შეწყდეს და მომხდარი ფაქტი სათანადოდ იქნას გამოძიებული.