საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით კენჭი პარასკევის სესიაზე ეყრება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს სესიაზე მას შემდეგ მიიღო, რაც საკითხი ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა.
ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა, რომ დეპუტატებს მისცემოდათ რამდენიმე დღე იმისთვის, რათა პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე ნახონ აისახა თუ არა შეთანხმებები ცვლილებების პროექტში.
დავით ბაქრაძემ ვეფხვაძის ეს მოთხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვიტა, რომ კენჭისყრა პარასკევის სესიაზე გაიმართოს.
თუმცა საკითხის განხილვა დღეს უკვე დასრულდა.
"ჩემი სურვილია რომ ყველა ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა სულყოფილად აისახოს ტექსტში და არ დარჩეს არანაირი გაუგებრობები. ამიტომ ავიღოთ დრო. დღეს საკითხი განვიხილოთ, ხოლო კენჭისყრაზე პარასკევის სესიაზე დავაყენოთ. პროცედურა ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს და ამ პრაქტიკისათვის ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს. მით უმეტეს რომ საქმე ეხება კონსტიტუციას რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი თემაა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საკითხი მესამე მოსმენით სესიაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ გამოიტანა.
მესამე მოსმენისთვის დეპუტატებს არანაირი შეკითხვები არ ჰქონდათ. მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა ხდება.