პარლამენტის დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის ცენზთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში ცვლილება მესამე მოსმენისას ისე შევიდა, რომ ამ საკითხზე საუბარიც არ ყოფილა.
საქმე ეხება ჩანაწერს, რომლის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება ისეთ ადამიანს, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც. აქამდე პროექტში სწორედ ასეთი ჩანაწერი იყო. დღეს დარიგებულ პროექტში კი 15 წელი 5 წლით შეიცვალა.
საბოლოოდ, აღნიშნული მუხლი კონსტიტუციაში შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში".