დღეს, 12 ოქტომბერს, 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
პარტიების წარმომადგენლები დიპლომატებს "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ წინადადებებს გააცნობენ.
"საარჩვენო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა; ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი; არჩევნების დღე; საარჩევნო დავების განხილვის სისტემა; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო კამპანიის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა (ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიის თავისუფლება, პარტიების დაფინანსება, რეკლამა). დღესვე გავრცელდება აღნიშნულ პარტიათა ერთობლივი მიმართვა ხელისუფლებისადმი.
შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი შეიმუშავა რვა ოპოზიციურმა პარტიამ: "ეროვნული ფორუმი", საქართველოს კონსერვატიული პარტია, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატი", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ხალხის პარტია".
შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 12:30 საათზე დაიწყება.