საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებმა თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური ოქროს მედლებით დაასრულეს.
ბადრი ჯანიაშვილისა და ემილ რაშის გუნდებმა უმთავრესი კონკურენტი, რუსეთი, უკან მოიტოვეს. ჯამში ქართველმა ახალგაზრდებმა და ჭაბუკებმა ერთად 8 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ახალგაზრდებმა 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს, 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ხვდათ წილად ჭაბუკებსაც. აღსანიშნავია, რომ 4 მედალი მოიპოვეს ქართველმა გოგონებმაც, მათ შორის 1 ოქროსი.
სამდღიანი ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და ქალთა 18 და 20-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში დარჩენილ სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქართველმა სამბისტებმა, მთლიანობაში, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ჭაბუკთა ნაკრების წევრი ლაშა გიუნაშვილი (56 კგ) და ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენელი გენადი ჩირგაძე (57კგ) გახდნენ. ჭაბუკთა ნაკრების წევრები მიხეილ ჩოხელი (70) და ალექსანდრე მილდიანი (87 კგ) ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: 20-წლამდელებში არჩილ შინჯიკაშვილი (100 კგ), 18-წლამდე გოგონათა ნაკრების წევრი ცირა აბულაძე (48 კგ) და 20-წლამდელთა გუნდის წარმომადგენელი შორენა სარაძე (64კგ).
გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ქართველებს კვალში რუსები ჩაუდგნენ. მესამე პოზიციაზე ჭაბუკებში ბელორუსები განთავსდნენ, ახალგაზრდებში - ყაზახები. 18 და 20 წლამდე გოგონებში კი რუსეთს კონკურენცია ვერავინ გაუწია. მეორე-მესამე ადგილებზე ყაზახეთი და ბელორუსი გადანაწილდნენ.
თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებსა და ახალგზარდა სამბისტთა შორის სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.