საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის დელეგატებმა ბესიკ ბენდელიანის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მეკლდეურობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარდა. შეკრებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფედერაციის 40 დელეგატი ესწრებოდა, საპატიო სტუმრის ადგილები კი სამინისტროს, პარლამენტისა და მერიის წარმომადგენლები დაიკავეს.
მეკლდეურობის ფედერაციის დღევანდელი ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხი იდგა. მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი უდესიანის გადადგომასთან დაკავშირებით თხოვნის დაკმაყოფილება და ახალი პრეზიდენტის არჩევა.
სიტყვით გამოსვლისას, მეკლდეურობის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა გაწეული სამსახურისთვის წინამორბედს მადლობა გადაუხადა.
"გიორგი უდესიანის დროს მნიშვნელოვანის ცვლილებები მოხდა სპორტის ამ სახეობაში. მეკლდეურობა ოლიმპიურ სახეობად აღიარეს; საქართველო საერაშორისო ფედერაციის ასოცირებული წევრი გახდა. ვიმედოვნებ, რომ ერთიანი ძალისხმევით 2011 წელს ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები გავხდებით. მადლობას ვუხდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტს გაწეული მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ბენდელიანმა.
ყრილობა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლადო გურჩიანმა გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ბესიკ ბენდელიანი წარუდგინა. ღია კენჭისყრის შედეგად, ფედერაციის დელეგატებმა დააკმაყოფილეს გადადგომის შესახებ გიორგი უდესიანის თხოვნა, ასევე ერთხმად აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი გელა ომანიძე.