რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა 90 დღის განმავლობაში ვიზის გარეშე გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ სპეციალური განცახდება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.
"რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს _ ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილო ოსეთი (ალანია), ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადილას რესპუბლიკებში დარეგისტრირებული პირებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა აღარ დასჭირდება. მათ საშუალება ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღე დაყონ. მთავრობის აღნიშნული განკარგულება ძალაში სავარაუდოდ ორ კვირაში შევა", _ განაცახდა კალანდაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლარსის გამშვებ პუნქტზე ამ ქვეყნის მოქალაქეებს ტექნიკური ხასიათის პრობლემები ექმნებოდათ. კერძოდ კი მათ საქართველოში შემოსასვლელად ვიზის აღება მოსკოვში უწევდათ. ეს ტექნიკურ ბარიერს წარმოადგენდა.
"ჩვენი მიზანია, საქართველოში შემოსასვლელად ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ტექნიკური ბარიერები. ასევე ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმ ტრადიციული ურთიერთობების აღდგენით, რაც ამ რესპუბლიკების ხალხთან გვაკავშირებს. ასევე არსებობს ეკონომიკური და კომერციული დაინტერესება მათი მხრიდან საქართველოს მისამართით და ხშირად აქვთ სურვილი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების", _ აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ ოსეთზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოსი ეთნოსის მიმართა ცუდი დამოკიდებულება არასდროს არ ჰქონია.
კალანდაძის განმარტებით, საქართველოსთან ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის უვიზო მიმოსვლასს ხელს რუსეთის ფედერაცია ვერ შეუშლის, ხოლო რაც შეეხება რეგიონში უსაფრთხოების ზომებს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ "ეს არ იქნება თავისუფალი მიმოსვლა. ეს იქნება უვიზო რეჟიმი, რომელიც კრიმინალების ჩვენს ქვყანაში შემოსვლას გამორიცხავს".