საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას დასკვნამდე გამოქვეყნებულ მოსაზრებებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები არ გააჩნია.
ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.
საუბარია გუშინ გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებზე, რომელშიც, პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით, კრიტიკული შენიშვნებია გამოთქმული.
მოსაზრებებში ნათქვამია, რომ ვადების შემცირება არის დადებითი ფაქტი, მაგრამ თავად პროცედურას ვენეციის კომისიის ექსპერტები პრობლემურად მიიჩნევენ.
მოსაზრებაში კიდევ ერთხელ არის გამეორებული რეკომენდაცია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ არ მიიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ "ვენეციის კომისიის ამ მოსაზრებაში ცვლილებები ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული".
რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ვენეციის კომისია გართულებულად მიიჩნევს, პავლე კუბლაშვილი აცხადებს, "ეს არ არის შენიშვნა და აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ საკითხზე შეიძლება საუბარი გაგრძელდეს".
ბიურომ მიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი ხვალინდელ სესიაზე განიხილონ.