თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა უკვე დასტაბილურებულია.
"ორი გვრჩება კვლავ მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება. იმედი მაქვს, ორ დღეში ჩვეულებრივ განყოფილებაში გადავლენ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362.