ვენეციის კომისია გაუმართლებელს უწოდებს ოპოზიციის იმ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ახალი პროექტი, მხოლოდ პრესიდენტ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგების მცდელობაა.
ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეორე წინასწარ მოსაზრებაშია ნათქვამი.
მეორე წინასწარ მოსაზრებაში ვენეციის კომისია ეხება იმ ბრალდებებს, რომელიც მხრიდან გაისმის და რომლის მიხედვითაც შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ხელისუფლებაში დარჩენისათვის სათანადო პირობების შექმნაა. ვენეციის კომისიის განმარტებით, მის კომპეტენციაში არ შედის ამ თემაზე სპეკულაციები და იქვე დასძენს, რომ კომისიას "გაუმართლებლად" მიაჩნია ამ პროექტის უარყოფა მხოლოდ იმ ბრალდებების გამო, რომ ეს არის ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა.
მოხსენებაში კომისია აღნიშნავს, რომ ახალი საკონსტიტუციო პროექტი რამოდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს შეიცავს, იმ სისტემასთან შედარებით, რომელიც 2004 წელს იქნა შემოღებული.
მიუხედავად ამისა, კომისიას მიაჩნია, რომ სასურველი იქნება პარლამენტის უფლებამოსილებების შემდგომი გაძლიერება.
"ამ თვალსაზრისით, დებულებები მთავრობის ფორმირებისა და განსაკუთრებით, უნდობლობის გამოცხადების შესახებ, ასევე საკითხები, რომლებიც საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის უფლებამოსილებებს ეხება, უნდა გადაისინჯოს", - ნათქვამია კომისიის მოხსენებაში.