თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ვაჟთა ორივე ასაკობრივი ნაკრები გუნდური ჩათვლის ლიდერია.
ერთობლივად კი მათ 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ყველასათვის მოულოდნელად, ამ მონაგარს თავისი წილი მედლები გოგონებმაც დაუმატეს.
ყველაზე დიდი სიურპრიზი გულშემატკივრებს 20 წლამდე გოგონათა შორის მოჭიდავე ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) შესთავაზა - ორივე ჩატარებული შეხვედრა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დარინა აბულაძემ (48 კგ) კი ამავე ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაო მოიპოვა.
ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე 3 ოქრო და 2 ბრინჯაოა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი კაცია (60 კგ), შმაგი შარიფაშვილი (75 კგ) და სლავა რეზესიძე (+87 კგ) ავიდნენ. ცნობისთვის, რეზესიძემ ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მესამე საპრიზო ადგილები ლერი ჯიხვაშვილმა (48 კგ) და ბექა რატიანმა (81 კგ) დაიკავეს. ახალგაზრდებში ჩემპიონები ვახტანგ სარაჯიშვილი (82 კგ) ზაზა დავაძე (90 კგ) და ლევან მუქერია (+100 კგ) გახდნენ. ზვიად კაპანაძე (68 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო გივი ნადარეიშვილი (48 კგ) და გიორგი ტაბატაძე (62 კგ) - ბრინჯაოებს.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 10 ოქტომბერს ჩემპიონ-პრიზიორები ჭაბუკთა 56, 70 და 87, ახალგაზრდების 57, 74 და 100, 20 წლამდე გოგონათა 52, 64 და 80 და 18-წლამდელთა 48, 60 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
საქართველოს სახელით ლაშა გიუნაშვილი (56 კგ), მიხეილ ჩოხელი (70 კგ), ალექსანდრე მილდიანი (87 კგ), გენადი ჩირგაძე (57 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (74 კგ), არჩილ შინჯიკაშვილი (100 კგ), შორენა შარაძე (64 კგ) და ცირა აბულაძე (48 კგ) იჭიდავებენ.