თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 4 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც COVID-19 აქვთ დადასტურებული, ამ დროისთვის სტაბილურია.
კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საავადმყოფო მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლით ხელმძღვანელობს, რაც პაციენტთა მკურნალობის დადებით დინამიკას იძლევა.
"4 პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული დადასტურებული COVID 19-ით, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე სახელმწიფო პროტოკოლი არ გააჩნია მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა ეფექტი. ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მდგომარეობით ფასდება ამ ეტაპზე.
რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, ჩატარებული მკურნალობის შედეგად გასულია 24 საათი, ქალბატონის მდგომაროება არის დადებითი დინამიკით. ცოლ-ქმარი, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოთავსდა, 48 საათის წინ, ჩატარებული მკურნალობის შედეგად ქალბატონთან და ბატონთან ცხელების ეფექტი არ ფიქსირდება აღნიშნულიდან გამომდინარე. ამ პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია", - განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 43-ს შეადგენს.