აფხაზი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში სრულფასოვნად ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება. მუშაობა ორ ჯგუფში გაიმართება - უსაფრთხოებისა და დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებათა ორგანიზატორებმა - ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა - აფხაზური მხარის მიერ ივლისში გამოცხადებულ დემარშის შემდეგ თავისი მოქმედებები გაააქტიურეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის კომპრომისული ვარიანტის შექმნაზე ადრე წარმოდგენილი პროექტების ბაზაზე.
"სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჟენევის პროცესის მუშაობაში სრულფასოვნად ჩავრთულიყავით", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვიაჩესლავ ჩირიკბა.
მისი თქმით, წინ არის ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლის რაუნდი.
"ამას გარდა, მეორე ჯგუფში რომელიც დევნილების საკითხზე მსჯელობს, წარმოვადგინეთ ახალი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ჩვენი ხედვა დევნილების დაბრუნების პრობლემის გადასაჭრელად პირველადი ამოცანების შესახებ", _აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ დიდ იმედებს ამ რაუნდზე აფხაზური მხარე მაინც არ ამყარებს.
"ძირითადად, ქართული მხარის მიერ დაკავებული არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, თუმცა ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის - მშვიდობიანი, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისთვის რესპუბლიკა საქართველოსა და რესპუბლიკა აფხაზეთს შორის", _ აცხადებს ჩირიკბა.