ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ მარაკოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
21-14 სექტემბერს მაროკოს ქალაქ აგადირში შემდეგ სპორტსმენები იასპარაზებენ: ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ლომიძე (66), ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა ზურაბიანი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), გიორგი ნოზაძე, არჩილ შინჯიკაშვილი (90), გიორგი ბუღაძე (100), უშანგი კოკაური, ლევან მათიაშვილი (+100).
ეს ტურნირი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეჯიბრება იქნება გუგავასთვის, რომელიც აქამდე კი მუშაობდა ამ ნაკრებთან, მაგრამ მეორე მწვრთნელად, გუნდი კი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გადააბარეს. ახალგაზრდული ნაკრები ამჟამად დუშეთშია და ოლიმპიურ ბაზაზე გადის დასკვნით შეკრებას.
შეკრებას 17-ში დაამთავრებენ, 19-ში კი მაროკოში გაფრინდებიან. დღესვე იმ ბაზაზე გოგოებიც დაიწყებენ შეკრებას. მათი მწვრთნელის - გია თენაძის გადაწყვეტილებით, მაროკოში მხოლოდ ორი სპორტსმენი გვეყოლება - ნონა მერაბიშვილი (52) და შორენა შარაძე (63).