ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ პოლიტიკურმა ძალებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ეს საქართველოს გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის.
კინზინგერის განცხადებით, ამერიკა ცდილობს საქართველოს აჩვენოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებული პოზიციების გვერდზე გადადება, უფრო დიდი მიზნისთვის, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური.
„ამ ეტაპზე დემოკრატიისთვის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ. ოქტომბერში უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ რა მოხდება და უფრო მეტი გვეცოდინება, როცა ეს მოლაპარაკებები დასრულდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობამ დადო სრული პროპორციული არჩევნების დაპირება 2020 წლის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად 2024 წელსაა გარანტირებული. ამისკენ ნაბიჯის გადადგმა და ოპოზიციასთან კომპრომისი, მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, არშემდგარი სახელმწიფოსგან შორს ვართ, მაგრამ შეშფოთება არსებობს. ქართველ ხალხს და ყველას, ვინც კი როლს თამაშობს, მთავრობის ლიდერები იქნება თუ ოპოზიცია, ნათლად უნდა ესმოდეს, თუ ეს წარუმატებლად დასრულდება და საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის.
"საკითხი, რასაც ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვაკვირდებით, ისაა თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორი იქნება სასამართლო სისტემა, შეეძლება თუ არა ხალხს, დაკავების შიშის გარეშე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიიღოს საარჩევნო შეჯიბრში მონაწილეობა. ჩვენი საქმე არაა საქართველოს მთავრობის ისეთად გადაქცევა როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, მთავრობას და ოპოზიციას თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებების გვერდზე გადადება, უფრო დიდი მიზნისთვის, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური. თუ არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თუ დემოკრატია მარცხს განიცდის, ეს არავის სარგებელს არ მოუტანს, რუსეთის გარდა. ჩვენი როლი გამოსავლის პოვნაა და არა ისეთი გამოსავლისა, როგორიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა კინზინგერმა.