"ახალი მემარჯვენეები" პროფესიული სწავლების ცენტრების დახურვას აპროტესტებენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ეს პროცესი არ ემსახურება პროფესიული სწავლების სფეროს შემდგომ განვითარებას და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების, და კონკრეტულად ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებულ სტრატეგიასთან საქართველოსთვის პრიორიტეტული დარგებისთვის პროფესიული კადრების მომზადების სისტემის რადიკალურად გაუმჯობესების შესახებ.
"ჩვენ ვეთანხმებით განათლების და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, რომ პროფესიული განათლების სისტემამ ფეხი უნდა აუწყოს მუდმივ ცვლილებებს და შეძლოს ადექვატურად უპასუხოს ეკონომიკის ახალ გამოწვევებს. მაგრამ პრინციპულად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება ყველა დაინტერესებული მხარის, ამ საქმეში სამინისტროს სოციალური პარტნიორების მონაწილეობის და მათი აზრის გათვალისწინების გარეშე", - აღნიშნა ნაჭყებიამ.
მისივე შეფასებით, განათლების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით 14 პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია ხდება ამ პრინციპების სრული უგულვებელყოფით.
"ოპტიმიზაციის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული რეგიონების ეკონომიკური განვითარების მიმართულებები, ადგილობრივი შრომის ბაზრის მდგომარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა რაოდენობა, კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა, მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისობა ადგილობრივ მოთხოვნებთან, ადგილებზე არსებული მოთხოვნა სპეციალისტების მომზადებაზე და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი", - აღნიშნა მან.
ნაჭყებიას შეფასებით, კანონის უხეში დარღვევაა, როდესაც გარდამავალ ჯგუფებში ჩარიცხული 1000-მდე სტუდენტი, მათ შორის 400 დევნილი სწავლას ვერ დაასრულებს.