საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და სახელმწიფო დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის პოზიცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააჟღერა.
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გუშინდელ გამოსვლას უნდა გამოეხმაუროს, სადაც სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული რეფორმებისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა. ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს მეგობრობა ეფუძნება საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის და მწუხარება გამოხატა გასულ კვირას 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისაკენ, რაც ასახულია ბუქარესტსა და სტრასბურგ-კელში ალიანსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.
"ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მან მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და დახმარება აღუთქვა საქართველოს მთავრობას მის განხორციელებაში", - აღნიშნა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.
მანჯგალაძემ ასევე ყურადღება გამახვილა ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ სამაგალითო წარმატებებზე, როდესაც მან აშშ-ს მოქალაქეებსა და ინვესტორებს მოუწოდა, ითანამშრომლონ საქართველოსთან.
ასევე სახელმწიფო მდივანმა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-2 შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნეს.