სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალიების შეცვლას ვერავინ შეძლებს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დღეს მოსკოვში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის კომენტირებისას გააკეთა.
"ქართველი პოლიტიკოსები და დიპლომატები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაართულონ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. მაგრამ რეგიონში შექმნილი ახალი რეალიების შეცვლას ვერავინ ვერ მოახერხებს, მიუხედავად ქართული მხარის მიერ განხორციელებული მცდელობებისა", _ აცხადებს გრიგორი კარასინი.
სერგეი ლავროვის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ რუსული მხარე აქტიურად ემზადება ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისათვის, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება.
"ჩვენ აქტიურად ვემზადებით მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდისათვის. ჟენევის მოლაპარაკებები ხომ სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს შორის პირდაპირი დიალოგი იყოს", _ დასძენს კარასინი.