საქართველოს აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი თავდაცვითი სისტემა, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
"განვიხილეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემაში ტარდება. პროგრესი აშკარაა. მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც ქართველ სამხედროებს ავღანეთში სამშვიდობო პროცესში შეაქვთ და ის გამოცდილება, რომელსაც ისინი ავღანეთში იღებენ", - განაცხადა ვერშბოუმ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება.
"ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას იყოს თავდაცვისუნარიანი და ჰქონდეს ისეთი თავდაცვითი სისტემა, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.