აშშ მზად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის შეხვედრის შემდეგ დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებისადმი მიდგომებს გულისხმოს და მზად არის მათ განსახორციელებლად სხვადასხვა აქტივობებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიესალმება საქართველოში მიმდინარე თავდაცვის რეფორმას და აღიარებს ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში.
ასევე განცხადებაში საუბარია საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ და ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკური პლურარიზმის, სარჩევნო გარემოს, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს თავისუფლების მომავალი გაძლიერებისთვის მუშაობა გააგრძელოს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ეკონომიკური აღმავლობით კმაყოფილია. ასევე განცხადებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოში ინგლისურ ენოვანი პედაგოგების ჩამოყვანა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების გაზრდა.