საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ნატოს სამიტზე, რომელიც ლისაბონში გაიმართება, აშშ-ისგან დიდ მხარდაჭერას ელის. მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მისი მთავრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიას მხარს უჭერს. ამის შესახებ გილაურმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლის შემაჯამებელ სხდომაზე ისაუბრა.
გილაურის განმარტებით, საქართველო ნატოს და აშშ-ის ძალიან კარგი მეგობარია, რასაც ავღანეთის მისიაში მონაწილეობით ამტკიცებს.
"საქართველო ძალიან კარგი პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობის და აშშ-ისა ავღანეთში. სამწუხაროდ, გვქონდა დანაკარგი რამდენიმე დღის წინ დიდ მადლობა, რომ ეს აღნიშნეთ. ყველამ იცის საქართველოს მისწრაფება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ამ საკითხში მხარდაჭერისთვის. ასევე ველით თქვენს დიდ მხარდაჭერას ნატოს შემდეგ სამიტზე. დიდ მადლობა, რომ მხარს უჭერთ საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. საერთაშორისო თანმაგობრობის დიდმა ნაწილმა ამ სტრატეგიას უკვე დაუჭირა მხარი და მოიწონა", - განაცხადა გილაურმა.