საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ზოგიერთი ობიექტის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემას აპროტესტებს.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საქართველოს ქონების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადებები (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რუსეთის რკინიგზისათვის'მართვაში გადაცემის შესახებ; პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსულ კომპანია როსნეფტსა'და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების გაფორმების შესახებ) კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყოველგვარი გარიგება, რომელიც შეეხება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განლაგებულ ქონებას, უნდა დაიდოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეთანხმება, გარიგება თუ ხელშეკრულება უკანონო და ბათილია", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უკვე ღიად ახორციელებს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განლაგებული ქონების მიტაცებას, რაც ცალსახად მიუთითებს რუსეთის ნამდვილ გეგმებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რისთვის დასჭირდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის განხორციელება და ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" ცნობის ინსცენირება.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პროტესტს რუსეთის ქმედებების გამო და კიდევ ერთხელ მოითხოვს რუსეთის მხარისგან, შეწყვიტოს ყაჩაღური ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაუყოვნებლივ მოახდინოს მათი სრული დეოკუპაცია", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვლადიმერ პუტინმა დაავალა დაცვის ფედერალურ სამსახურს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას აფხაზეთთან რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ზოგიერთი ობიექტის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. შეთანხმების პროექტში მითითებულია ქონებრივი კომპლექსები "გაგრა" ქ. გაგრაში, "მიუსერა" გუდაუთის რაიონის დასახლება მიუსერაში და "პიცუნდა" ბიჭვინთაში.