"მემარჯვენეები" სავაჭრო ცენტრების, "პასაჟის" და "კიდობანის" მოვაჭრეების დაკავების ფაქტს აპტროტესტებენ და მათ დაუყოვნებლი გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ისაუბრა.
"პარტია „ახალი მემარჯვენეები" ვაპროტესტებთ ქართველი სამართალდამცავების მიერ გუშინ, 5 ოქტომბერს განხორციელებულ ინდმეწარმეთა (მათ შორის ქალბატონთა) მასობრივი დაპატიმრების სპეცოპერაციას და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას", - აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ამ ფორმით სპეცოპერაციების ჩატარება ხდება ტერორისტების, ნარკოდილერების და საშიშ რეციდივისტთა ჯგუფების გასანეიტრალებლად და არა მოვაჭრეებისა და ინდ.მეწარმეთა დასაკავებლად.
"ინფორმაციის ნაკლებობის გამო ჩვენთვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა კომპანია „ტრანს კარგოს"-ს ან ინდმეწრმეთა მხრიდან საგადასახადო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას. ამაზე კომპეტენტურმა ორგანოებმა და რაც მთავარია, სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი. ხოლო მანადე ამ ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალბატონების მასობრივი დაჭერა-დაპატიმრება არანაირად არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს და ჩვენი აზრით მიზნად ისხავს მეწარმეთა და მათი ოჯახების დარეკეტებასა და დაშინებას", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, 21- ე საუკუნეში სააკაშვილის რეჟიმმა უზრუნველყო საქართველოში ახალი „დოქსოპულოების" მთელი კასტის გაჩენა, რაც გამყრელიძის თქმით, ტრადიციულად თავად ასეთი რეჟიმებისთვის ძალზე ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე. "მემარჯვენეები" გამოდიან ინიციატივით, მოხდეს საბაჟო და საგადასახადო დარღვევების დეკრიმინალიზაცია და აიკრძალოს წინასწარი პატიმრობის, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება. "მემარჯვენეები" დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებსაც სთხოვენ
"მივმართავთ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რათა აღმოგვიჩინონ ქმედითი დახმარება ხელისუფლების მხრიდან ცალკეული დარღვევების ასეთი განუკითხავი „დაჭერომანიის" შესაჩერებლა", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინდმეწარმეთა მასობრივი დაჭერის სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც 170 - ზე მეტი მოქალაქე იქნა დაკავებული და გადაყვანილი იზოლატორში. დააკავების ოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობდა სავაჭრო ცენტრებში, საბაჟოზე და მეწარმეთა საცხოვრებელ სახლებში.