ინსულტი სულ უფრო გავრცელებული დაავადება ხდება ახალგაზრდებს შორის, _ აღნიშნულია ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებში. დღეისთვის ყოველი მეხუთე ინსულტი 55 წლამდე ასაკის ადამიანში რეგისტრირდება.
მეცნიერებმა აშშ-ში ჩაატარეს ინსულტის დიაგნოზის მქონე 1,3 მლნ ადამიანის მონაცემების ანალიზი და დაადგინეს, რომ მათი 19% 55 წელზე ახალგაზრდა იყო. 1993 წელს ჩატარდა ანალოგიური კვლევა. მაშინ მხოლოდ 13% იყო ამ ასაკობრივი ზღვარის ქვემოთ. ამრიგად, ინსულტი ამერიკაში ყოველწლიურად 0,5%-ით ახალგაზრდავდება. ანალოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში 2024 წლისთვის ყოველი მესამე ადამიანი, რომელსაც ინსულტი დაემართება, იქნება 25 წელზე ნაკლები ასაკის. ამასთანავე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტემპები, რომლითაც ინსულტი სულ უფრო მეტ ახალგაზრდას მოიცავს, არა მარტო არ მცირდება, არამედ შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
კვლევის ავტორი ბრეტ კისელა აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოვლენილი მოვლენის მიზეზები იმალება ძირითადი რისკ-ფაქტორების ზემოქმედების ზრდაში: ეს არის დიაბეტი, სიმსუქნე, ქოლესტერინის მაღალი დონე. ამასთანავე, საინტერესოა, რომ აშშ-ში სიტუაცია უფრო უკეთესია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, თუმცა მრავალრიცხოვანი ექსპერტების აზრით, აშშ ითვლება არაჯანსაღი საკვების ყველაზე მეტად მოყვარულ ქვეყნად მსოფლიოში.
დიდ ბრიტანეთში, ასევე, გამოვლინდა ინსულტის გავრცელების ტენდენცია ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობაში. მაგ., 1993 წელს მხოლოდ 109 ინსულტი მოდიოდა 100 000 ადამიანზე 55 წლის ქვემოთ. 2005 წლისთვის ეს ციფრი 176-მდე გაიზარდა ყოველ 100 00 ადამიანზე. ანალოგიური პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საშუალო ასაკი, როდესაც ადამიანს, ჩვეულებრივ, ინსულტი ემართებოდა, 71 წლიდან 69 წლამდე შემცირდა.
ამასთანავე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, ასევე, მთელი რიგი დადებითი მომენტები ინსულტის წინააღმდეგ კაცობრიობის ბრძოლის თვალსაზრისით. კერძოდ, თავის ტვინის დაზიანების ხარისხის სწრაფად განსაზღვრის სიზუსტე განხილულ პერიოდში 18%-დან 58%-მდე გაიზარდა. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 40%-ით შემცირდა იმ ინსულტების რიცხვი, რომლებიც სერიოზული შედეგებით დასრულდა. ეს დაკავშირებულია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებით ინსულტების დიაგნოსტიკისა და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. კერძოდ, ავადმყოფები იღებენ უფრო დროულ, თანამედროვე და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.