„ორიონ სტრატეჯისა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 2019 წელს გაფორმებული კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებით მანიპულირებს.
სკანდალური შეიძლება რეალურად გახდეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე გავახმოვანებ. ბოლო კონტრაქტი, გაფორმებული “ორიონ სტრატეჯისა” და ნაციონალურ მოძრაობას შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრის თვით, მოქმედების პერიოდია 1 წელი და სრულდება 2020 წელს ოქტომბერში. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში, ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ ალბათ ყველასთვის ნათელია. კონტრაქტი არის ღიად ატვირთული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე. ამაში რა თქმა უნდა გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, ვინც კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად არის მითითებული. როგორც ვიცით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსით, საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, რომ ბათუ ქუთელიას ნაც მოძრაობის დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, იგი დღეს ცდილობს წარსდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორისა და შეუქმნას ქოლგა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით თავის დღის წესრიგს. ეს დოკუმენტი არის მკაფიო დადასტურება, იმის როგორ მივიდა ნაციონალური მოძრაობა სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე“, - თქვა მდინარაძემ.