გიგი წერეთელი მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) პრეზიდენტად აირჩიეს. ბრიუსელში ევროპის საპარლამენტო ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2006 წლიდან ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელია.
ბოლო პერიოდში მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტის პოსტი ბელგიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ჰილდა ვოტმანსს ეკავა. ასევე არჩეულ იქნა ორი ახალი ვიცე-პრეზიდენტი _ საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დანიელ ბოსკე და ინგლისის ლორდთა პალატის წევრი, ბარონესა ჯენიფერ ტონგე.
მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმში 27 ევროპული ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფია გაერთიანებული, ხოლო აღმასრულებელ კომიტეტში 11 წევრია. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს განვითარების ათასწლეულის მიზნების (MDG) მხარდაჭერა, დემოგრაფიის, გლობალური ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ კუთხით საპარლამენტო საქმიანობის კოორდინაცია ევროპაში.