ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აშშ-ის კონგრესისა და ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ვაშინგტონში ხვალ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. სხდომას ქართული მხრიდან ქვეყნის პრემიერი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის ძირითად საგანს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და განათლების სფერო წამოადგენს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი სხდომაზე ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი წარადგენენ.
მანჯალაძის თქმით, ქარტიის ფარგლებში არსებობს ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლის განხილვაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება. ესენია: უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკა, ვაჭრობა და ხალხთა შორის ურთიერთობები.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება უკვე შესრულებულ პროექტებს. დაისახება ასევე სამომავლო გეგმები.