5-10 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, აშშ-ში საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური უხელმძღვანელებს. ამერიკულ მხარეს კი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი წარადგენენ.
"ქარტიის ფარგლებში არსებობს ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლის განხილვაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება. ესენია: უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკა, ვაჭრობა და ხალხთა შორის ურთიერთობები. ყველა ცალკეული მიმართულება ჩვენი მხრიდან პოზიტურად ფასდება, თუმცა, ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მაღალ დონეზე წარიმართება უკვე გასული საქმიანობის შეჯამება და დაისახება სამომავლო გეგმები", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, სამომავლო გეგმებზე დეტალური მუშაობა, ამავე სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება.