ვფიქრობ, არ იქნება რაციონალური, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ვიქნებით მართლები, რომ კიდევ დავიწყოთ ახალი მოსამართლეების არჩევა და გავამწესოთ ისინი, - განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და იმ ვაკანტურ თანამდებობებს, რომლებიც დარჩენილია უზენაეს სასამართლოში, აღარ შეავსებს.
"ვფიქრობ, მოქმედი პარლამენტი მოკლებულია არა კანონისმიერ, არამედ, ზოგადად შესაძლებლობას, რომ კიდევ აირჩიოს დამატებით მოსამართლეები. ასე ხელაღებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესი ფორმალურია და ადამიანი, რომელიც მოდის გასაუბრებაზე, აუცილებლად ჩავარდება მისი კანდიდატურა, მაგრამ თუ გნებავთ, ასე მიიღეთ ჩემი მინიშნებაც, რადგან ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი რაოდენობა შესაძლებელია ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში ამ მოწვევის პარლამენტმა, რადგან ჩვენ ვთქვით და იქ დავასრულეთ ამაზე საუბარი, სადაც ოპტიმალურ რაოდენობაზე იყო მინიშნება, რომ კოლეგიები ორ-ორი მაინც, თითო პალატაში უნდა დაკომპლექტებულიყო. ეს რაოდენობა ამ წუთას საქართველოს უზენაეს სასამართლოში არის და ამ ეტაპზე საკმარისია. ვფიქრობ, არ იქნება რაციონალური, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ვიქნებით მართლები, რომ კიდევ დავიწყოთ ახალი მოსამართლეების არჩევა და გავამწესოთ ისინი", - თქვა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ 6 კანდიდატის სია, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. ესენი არიან: ილონა თოდუა, გენადი მაკარაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე და თეა ძიმისტარაშვილი.