ირანის პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება შეერთებული შტატების არმიისა და პენტაგონის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების შესახებ. იუწყება ირანული სააგენტო Tasnim-ი.
აღნიშნული რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ხელისუფლებამ ირანის განვითარების ეროვნული ფონდიდან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ "ალ-ყუდსს" თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 200 მლნ ევრო უნდა გამოუყოს.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებს.