საქართველოსა და სომხეთს შორის ისეთი ახლო ურთიერთობა არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სომეხ კოლეგასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ, როგორც მეგობარ ქვეყნებს და ახლო მეზობლებს გვაქვს საკითხები, რომლებიც განსახილველია, მაგრამ არასდროს ეს საკითხები პრობლემა არ ხდება. ჩვენს შორის სუფევს გაგება ყველა საკითხთან დაკავშირებით. ორივე ქვეყნის საგარეო უწყებები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს", - განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, კითხვაზე რატომ მოხდა ჯავახეთში სომხური საჯარო სკოლის დახურვა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში 102 სომხურ ენოვანი საჯარო სკოლაა, სპეციალური სასწავლო პროგრამებით. ასევე ყველა მათგანი კომპიუტერებით არის აღჭურვილი.
მისვე თქმით, ბავშვები, რომლებიც სომხურ განათლებას იღებენ, შეუძლიათ ამ ბაზისით უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ სწვალა და შემდეგ ქართული ენის ინტენსიური კურსი გაიარონ.