პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი ლტოლვილთა, დევნილთა და განსახლების მინისტრს მიმდინარე კვირაში სამუშაო ვითარებაში შეხვდება. ამის შესახებ განცხადება გია არსენიშვილმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც მოისმინეს სახალხო დამცველის შუალედური ანგარიში დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში წარმოდგენილ პრობლემებზე პასუხისმგებელი სწორედ ლტოლვილთა და დევნილთა მინისტრია, კობა სუბელიანი სხდომას არ ესწრებოდა.
არსენიშვილმა კი ამის მიზეზად კობა სუბელიანის მოუცლელობა დაასახელა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი კობა სუბელიანს მიმდინარე კვირაში შეხვდება. მისი თქმით, შეხვედრა იქნება სამუშაო ვითარებაში და ვარაუდობს, რომ ასეთი ფორმატი უფრო მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდება.
"ცხადია ჩვენ კრიტიკულები უნდა ვიყოთ, მაგრამ სამინისტროს შრომას ნუ დავუკარგავთ. სუბელიანს არავითარ შემთხვევაში არ შეეძლო მოსვლა და შევთანხმდით რომ ამ კვირაში შევხვდები სამუშაო ვითარებაში, რაც მიმაჩნია რომ უფრო ნაყოფიერიც შეიძლება იყოს", - განაცხადა არსენიშვილმა.