ეროვნული ფორუმი ირაკლი ოქრუაშვილის ახალ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, იგი ოქრუაშვილის ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად არც მათთან თანამშრომლობის საკითხს აყენებს დღის წესრიგში.
"წარმოდგენა არ მაქვს ამ პარტიასთან დაკავშირებით. მე ეს პარტია არც თვალით მინახავს, არც რაიმე მსმენია მათზე. როდესაც ისინი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვლენ, შეფასებას მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ, - განაცხადა კახა შარტავამ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და "ალიანსი საქართველოსთვის" ყოფილი წევრი სოზარ სუბარი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ.
მათთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა ეროვნულმა საბჭომ.