ქართველებში დევს ის სურვილი, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და აქ მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია. ვარ ოპტიმისტი, რა ვქნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "თავისუფალი ხედვისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უცხოეთში წასულებისთვის უკან დაბრუნების მოტივაცია უნდა იყოს ქვეყანა.
"ჩვენ ზოგჯერ გვჭირდება გასვლა გარეთ და დანახვა, როგორ არის დღევანდელი მსოფლიო. ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არსებობს ყველა ქვეყნებისთვის, იგივე ძალიან განვითარებული ქვეყნებისთვის, რომლიდანაც მიდიან ასევე სხვა ქვეყნებში, რომ მოიპოვონ რაღაც სხვა პირობები სხვა განათლება ან სხვა უფრო მეტი თავისუფლება ინიციატივებში. ეს ეხება ევროპიდან ამერიკაში წასულებს და ა.შ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ცირკულარული მიგრაცია არის თემა, რომელზედაც მე ვსაუბრობდი თავის დროზე, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი.
ეს არის ერთ-ერთი საშუალება კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მაგრამ ეს უნდა იყოს ცირკულარული. ე.ი. შენ შეგიძლია, წახვიდე რამდენიმე, ორი-სამი წლით, დაბრუნდე, აქ იმუშაო ორი-სამი წელი, მერე ისევ წახვიდე. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ შენ შეიძლება ამ პირობებში მაინც და მაინც მთელი შენი ოჯახი არ წაიყვანო, არ ჩათვალო, რომ შენ მიდიხარ და მიდიხარ. გაქვს საშუალება, რომ გაეცნო იქაურ ცხოვრებას და დაინახო ის, რომ არც ისე ადვილი არის", - თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველებში დევს ის სურვილი, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და აქ მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია.
"მე კარგად ვიცნობ ძველ დიასპორას, ახალ დიასპორას, სხვადასხვა ფორმის პროფესიონალები არაპროფესიონალები და ძალიან განსაკუთრებული არის ჩვენი დიასპორა სხვებთან შედარებით ამ კუთხით. ქართველებში დევს ის სურვილი, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და აქ მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია. ვარ ოპტიმისტი, რა ვქნა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.