საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას მისი პროგრამას გაცნობის შემდეგ განიხილავს.
მისვე თქმით, ქრისტიან-დემოკრატებს ასეთივე მიდგომა აქვთ გაჩეჩილაძისა და სუბარის პოლიტიკურ ხედვასთან.
"მათი პროგრამის გაცნობის შემდეგ ვნახავთ, თუ რა საერთო ხედვები და მოსაზრებები შეიძლება გვაკავშირებდეს ამ პოლიტიკურ ძალასთან და აქედან გამომდინარე გადავწყვეტთ ვითანამშრომლებთ თუ არა მათთან," - განაცხადა ახვლედიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", ოპოზიციური საარჩევნო კოდექსის განხილვისას.
მისი თქმით, საქართველოში რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტია და პროგრამა იარსებებს, მით უკეთესია პოლიტიკური პროცესებისთვის, რადგან საზოგადოებას უფრო დიდი არჩევანი ექნება.