ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებულია იმაზე, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "თავისუფალი ხედვისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მოქმედება საგარეო კუთხით არის შეთანხმებული მთავრობასთან, რადგან კონსტიტუცია ამას მოითხოვს.
"პრეზიდენტი პასუხისმგებელია უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის, საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან ნატო-ში შესვლა, ხან ევროკავშირში, ეს ყველაფერი, ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საზღვბის პრობლემა მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ "გვაქვს, არამედ აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც".
"გაუგებარი არის, მეგობარ ქვეყნებს შორის რატომ არ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი და ზუსტად ასე იყო ორივე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ოფიციალურად გაცემული თანხმობა იმაზე, რომ საჭიროა და ჩვენმა კომისიებმა დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა, რაც ფაქტობრივად, ახლა ხდება და რაც აუცილებელი არის", - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ის მჭიდრო კომუნიკაციაშია კომისიის წევრებთან და შედეგის სახით შეთანხმებულ საზღვარს ელოდება.