საქართველოს სომხეთის საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვს, მაგრამ აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი ამ ქვეყანაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით. განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ერევანში გააკეთა.
"მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს რა არის მისთვის მომგებიანი ნაციონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს არ აქვს უფლება სომხეთის საქმეებში ჩაერიოს, მაგრამ ამასთან ერთად საქართველოც სუვერენული სახელმწიფოა და სავსებით აქვს უფლება გააკეთოს განცხადებები რეგიონში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბაზები საქართველოსათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამას გარდა, რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ასევე არსებობს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისათვის - სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის.
ვაშაძემ გაიხსენა, რომ 1921 წელს "ერთ წელიწადში სამმა სახელმწიფომ ერთა დაკარგა დამოუკიდებლობა".