საქართველოს სუვერენიტეტს ბელორუსის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედევდევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"ბელორუსთან და მის ხელისუფლებასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვაქვს და მათგან საქართველოს სუვერენიტეტს რაიმე სახის საფრთხე არ ემუქრება. ბელორუსში არ შეიმჩნევა, რომ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპები ირღვევა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ბელორუსთან საქართველოს განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები აქვს როგორც პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე, ასევე ეკონომიკურ საკითხებშიც.
"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოს გაკრიტიკებას. როგორც იცით, კრემლის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების პოლიტიკას დიდი პროპაგანდა უკეთდება, თუმცა უშედეგოდ. ეს კი მათ გაღიზიანებას იწვევს", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღირების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ამ თემით მუდმივად ვაჭრობს.