ავღანეთში ტვირთების გადასატანად საქართველოს სატრანზიტო გზად გამოყენების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულია.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოლაპარაკები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ შეთავაზება უმაღლეს დონეზე უკვე გაკეთდა, სახელმწიფო მეთაურის მიერ. თუმცა, ეს არ არის პირველი შეთავაზება. როგორც კი ჩვენი ინიციატივა დადებითად იქნება აღქმული, მოლაპარაკებები უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს ავღანეთში ტვირთების გადასაზიდად საქართველოს სატრანზიტო გზა შესთავაზა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან 1 ოქტომბერს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ავღანეთში ტვირთების გადასატანად შემიძლია შემოგთავაზოთ საქართველოს სატრანზიტო გზა და პირობას გაძლევთ, რომ ეს გზა იქნება ყველაზე უსაფრთხო და მისი ბლოკირება არასდროს მოხდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.