ტრანსპორტის სექტორში ინვესტიციების ზრდაა მოსალოდნელი, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, დარგში არის ბევრი გამოწვევა, თუმცა ხელისუფლება ამ გამოწვევებს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით პასუხობს.
"დავიწყებ იმით, რომ მიმდინარე წელი გახლავთ რეკორდული საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების თვალსაზრისით. 2019 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე არის უპრეცედენტო ზრდა. აქვე აღსანიშნავია რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების მნიშვნელოვანი ზრდა 2019 წლის 11 თვის განმავლობაში - 35 პროცენტს აჭარბებს ამავდროულად ეს არის ახალი გამოწვევა ჩვენი საპორტო და ზოგადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, რადგან დატვირთვა ჯერადობით იზრდება.
ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი (2017 წლის სექტემბრიდან გადაზიდვები ხორციელდება სატესტო რეჟიმში), აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი", განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, მალე დასრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი.
"ასევე წელს დავაანონსეთ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალების მშენებლობის პროექტი, რომელიც აშშ-ის OPIC-ის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად იკვეთება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ზოგადად, შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის აქტუალობა, რაც საკმაოდ დაგვიანდა.
გარდა პორტების განვითარებისა, მნიშვნელოვანია შავი ზღვის ქვეყნებს შორის საბორნე და ფიდერული საკონტეინერო მიმოსვლის შემდგომი განვითარება. საზღვაო მიმოსვლა წარმოადგენს უმოკლეს გზას საქართველოსა და შავ ზღვაში მდებარე ისეთ ქვეყნებთან როგორებიცაა რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა დიდწილად დამოკიდებულია შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
აღნიშნული მიზნით, 2019 წლის ოქტომბრიდან დავიწყეთ საკონტეინერო გემის მიმოსვლა ოდესას და ფოთის ნავსადგურებს შორის. ასევე საქართველოს რკინიგზის მონაწილეობით დაინიშნა საკონტეინერო გემი ბათუმი - კონსტანცას ნავსადგურებს შორის, მიმდინარეობს საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის მიზანშეწონილობის კვლევა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ამასთან, ჩვენი პარტნიორებისა და დონორების დახმარებით, დაწყებულია მუშაობა ქვეყნის შიგნით არსებული სატრანსპორტო სისტემების (მათ შორის, პორტების) და ამავდროულად სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების საკითხებზე. ზემოხსენებული პროექტები და აქტივობები მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით", აღნიშნა მინისტრმა.