ხელისუფლებას სერიოზული ახსნა-განმარტებების გაკეთება დასჭირდება თუ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, _ განაცხადა "კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა სასტუმრო შეტატონ მეტეხი პალასში, სადაც ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების ერთობლივ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობენ.
ძიძიგურის განმარტებით, საარჩევნო კოდექსან დაკავშირებით ოპოზიცია არადემოკრატიულსა და შეუსრულებელს არაფერს ითხოვს.
"მნიშვნელოვანი ფაქტია რომ ოპოზიციამ პოზიციების შეჯერება მოახერხა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივი პროექტი შეიმუშავა. უახლოეს მომავალში კონსულტაციები დაიწყება ხელისუფელბასთანაც და საზოგადოება თვითონ დაინახავს ხელისუფლება წამოვა თუ არა ამ მოლაპარაკებებზე. თუ არ წამოვა ამას სერიოზული ახსნა-განმარტება დასჭირდება მათი მხრიდან. ამ პროექტში არც ერთი მოთხოვნა არ არის არადემოკრატიული და შეუსრულებელი", - განაცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს. დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ პროექტს ექსპერტებს, არასამთავრობო ორაგნიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობენ.
პროექტზე "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატორები", რესპუბლიკელები, "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს გზა", "ქრისტიან- დემოკრატები", მემარჯვენეები და "ხალხის პარტია" ერთობლივად მუშაობდნენ.
ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, ხმის მიცემის პროცედურები, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.