საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევის გზებსა და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ და ამისათვის ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს აღნიშნავს, რომელიც თანამშრომლობის ძალიან წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება.
დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს.
მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობას მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში. ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია.
ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ“, - თქვა ზურაბიშვილმა.