საქართველო ოკუპანტების წინააღმდეგ დიდ საერთაშორისო ბრძოლას აწარმოებს.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენმდივან ანდრეს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ინტერესები დღეს ოკუპაციის ხაზსა და ყველა იმ ადგილებში წყდება, სადაც ოკუპანტები იმყოფებიან.
"საქართველოს ინტერესები დღეს წყდება საქართველოში ოკუპაციის ხაზებზე და ყველა სხვა იმ ადგილებში, სადაც ისინი არიან განლაგებულნი, მაგრამ საქართველო აწარმოებს დიდ საერთაშორისო ბრძოლას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აქვე განმარტა, რომ "დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს ინტერესების მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზღვრებით შემოფარგვლა, როცა გლობალური პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს".
"ჩვენ გვაქვს საერთშორისო ინტერესები და გვყავს ჩვენი მოკავშირეები და მეგობრები და ის, რომ 5-ჯვრიანი დროშა დღეს ამ დარბაზის თავზე ფრიალებს და ისიც, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულ განვითარებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა (მიუხედავად ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციისა), არის საერთაშორისო მოკავშირების, ჩვენი მეგობრების დიდი დამსახურება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, "ჩვენი მოკავშირეები არიან ისინი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს გადარჩენისა და გაძლიერებისთვის".