რუსეთის სომხური დიასპორა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სამცხე-ჯავახეთი ნაციონალურ-კულტურულ ავტონომიად გამოაცხადოს. დიასპორის მიერ რუსულ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მოთხოვნა მიზანშეწონილია, თუნდაც იმის გამო, რომ სამცხე-ჯავახეთში მაცხოვრებელი ადგილობრივი ქართველები სომხურ ენას მშობლიურზე უკეთესად ფლობენ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის შექმნას ისეთი სახელმწიფო, რომელიც მონოეთნიკური და ნაციონალური იქნება.
"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისწრაფვის შექმნას ნაციონალური სახელმწიფო და გაქართველების პოლიტიკას ატარებს. ამ დასახული მიზნის მისაღწევად როგორც ცნობილია არსებობს ორი გზა - ასიმილაცია და ემიგრაცია. ამჟამად ოფიციალურ თბილისს აქვს მცდელობა საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური უმცირესობების ასიმილირებისა", _ ნათქვამია დიასპორის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სომხეთში ვიზიტის წინ სპეციალურადაა გავრცელებული.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამცხე-ჯავახეთში მაცხოვრებელი სომხები მოკლებულნი არიან საშუალებას "განვითარდნენ და შემოქმედებითად გაიზარდონ" საკუთარ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ მხარეში ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ.
ამავე დროს განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ მხარეში არავითარი სეპარატისტული განწყობილებები არ არის.
"იქ დგას კულტურული ავტონომიის პრობლემა. ძალიან არასწორია დე-იურე კულტურული ავტონომიის პრობლემა გქონდეს რეგიონში სადაც ადგილობრივი ქართველებიც კი უკეთესად ლაპარაკობენ სომხურ ენაზე ვიდრე მშობლიურ ქართულზე. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენ რუსეთის ჯავახეთის დიასპორა მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მხარე სამცხე-ჯავახეთი ნაციონალურ-კულტურულ ავტონომიად გამოაცხადოს", _ ნათქვამია განცხადების ბოლოს.